English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ პაატა კოღუაშვილიბადრი რამიშვილიდავით მამუკელაშვილი
კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები -- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი

თანამედროვე საბაზრო  ეკონომიკის  პირობებში  კონკურენტუნარიანი  პროდუქციის  წარმოების  აუცილებელ  პირობას,   ტექნიკურ-ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ-მმართველობით ერთობათან ერთადპირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის და რეალიზაციის პროცესების უწყვეტობა წარმოადგენს, რაც საქართველოს სოფლის მოსახლეობის მცირემიწიანობის და მცირე მატერიალური შესაძლებლობების პირობებში, ყველაზე ეფექტიანად კოოპერაციული წარმოების პირობებშია შესაძლებელი [1].

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის მნიშვნელობა, რომელიც წარმატებით წარიმართა მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები ჯერ კიდევ   არ არის კარგად გაცნობიერებული საქართველოს მოსახლეობისათვის, რაც ჩვენი სტატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

საკვანძო სიტყვები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, დემოკრატიული მართვა, ეკონომიკური მონაწილეობა, პაი, საპაიო შენატანები, საპაიო ფონდი, მეპაიე, ასოცირებული წევრი.

წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, სახელმწიფო ხელშეწყობისა და დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად კოოპერაციულ საწყისებზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების ხელშეწყობა მიიჩნიეს, რადგან მხოლოდ კოოპერირების საშუალებით არის შესაძლებელი ორი საწყისის გაერთიანება: საკუთრების, რომელიც აძლევს მის მფლობელს არჩევანის თავისუფლებას და მასშტაბური წარმოების, რაც განაპირობებს, ერთი მხრივ, – ტექნიკურ და ეკომომიკურ უპირატესობას და მეორე მხრივ – ავტორიტეტსა და წონას სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე [2].

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი წარმოადგენს თავისუფალ მეწარმეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მართვის დემოკრატიული  ფორმა, სადაც მოქმედებს არჩევითობაზე დაფუძნებული მმართველობითი სისტემა  პრინციპით - „ქვევიდან – ზევით“, რაც საფუძველშივე გამორიცხავს მმართველი აპარატის ბიუროკრატიზაციას.

სასოოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების ისეთი კომპონენტები, როგორიცაა დემოკრატიული მართვა, ეკონომიკური მონაწილეობა, სავალდებულო და დამატებითი საპაიო შენატანები, ასოცირებული წევრი თუ არაწევრი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები და სხვა, პრაქტიკულად წარმოადგენს ეკონომიკურ მექანიზმებს წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის და მათი სიღრმისეული გააზრების გარეშე, ისინი ვერ შეძლებენ შეინარჩუნონ კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ნიშანთვისებები, რაც მათ არსებითად განასხვავებს სხვა ტიპის სამეწარმეო ფორმებისგან და წარმოადგენს ასეთი ტიპის საწარმოების სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს.

კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გააჩნია რიგი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რაც ძირითადად მათ შიდასაწარმოო ურთიერთობებში ვლინდება. კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები  წესების კრებულია, რომლითაც  შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს  ძირითადი არსი (ინდენტობა), რომელიც მას არსებითად განასხვავებს მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისგან (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა). კერძოდ, კოოპერატივისთვის დამახასიათებელ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მისი წევრების შრომითი რესურსების უკუგების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის (განსაკუთრებით წვრილი მიწათმოსარგებლებისთვის) და არა საპაიო ფონდში შეტანილი მატერიალური სახსრებით დივიდენდების მიღება.  ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა: ეკონომიკური მონაწილეობა, სავალდებულო საპაიო შენატანი, დამატებითი საპაიო შენატანი, გარკვეული შეზღუდვების დაწესება არაწევრი პირებისთვის და სხვა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არეგულირებენ შიდასაწარმოო ურთიერთობებს იმ მთავარი მიზნით, რომ  ამ ურთიერთობებში განმსაზღვრელი იყოს შრომის ფაქტორი  და მასზე მატერიალურმა კაპიტალმა  არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა [3].

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ნებაყოფლობითი წევრობა, დემოკრატიული მართვა,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა, სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება, რაზედაც დამყარებულია კოოპერატივის შიდასაწარმო ურთიერთობები[4].

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დემოკრატიული მართვით მიიღწევა მეპაიეთა თანაბარი შესაძლებლობა, მართონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აკონტროლონ მისი საქმიანობა, რისთვისაც თითოეული მეპაიე საერთო კრებაზე სარგებლობს 1 ხმის უფლებით. კოოპერატივის წევრები აკონტროლებენ მმართველი ორგანოებს სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე. კოოპერატივის მმართველობითი და მაკონტროლებელი ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო, წარმომადგენელთა კრება, გამგეობა და სარევიზიო კომისია, რომლებიც არჩეული არიან კოოპერატივის მეპაიეების მიერ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ტერმინს - „ეკონომიკური მონაწილეობა“, პრაქტიკულად ორმაგი დატვირთვა გააჩია, ერთი მხრივ, ის გამოხატავს მეპაიეს ფუნქციას (ქმედებას) - უშუალოდ იყოს ჩართული კოოპერატივის საქმიანობაში, ხოლო მეორე მხრივ - წარმოადგენს მეპაიის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან გაწეული მომსახურების ღირებულებით მაჩვენებელს.

ეკონომიკური მონაწილეობა დაკავშირებულია  მხოლოდ მეპაიის საქმიანობასთან და წარმოადგენს კოოპერატივის სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. ეკონომიკური მონაწილეობა კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი სხვა ტიპის კოოპერატივებისთვის (მაგ. სამომხმარებლო, საკრედიტო კოოპერატივები). ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ასეთი მიდგომა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ წარმოადგენს კოოპერატივის შესაძლებლობების შეზღუდვას, რაც მიზანშეუწონილია. საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, კანონმდებელმა უპირატესობა მიანიჭა იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ასეთი შეზღუდვა გამართლებულია, რადგან კოოპერატივი უნდა იყოს ორიენტირებული მისი მეპაიეების სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების განვითარებაზე და არ გადაიქცეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების ხარჯზე მხოლოდ გარეშე, წარმოებიდან იზოლირებული პირების გამდიდრების საშუალებად. სხვა სამეწარმეო ფორმებისგან განსხვავებით, კოოპერატივის მეპაიე დივიდენდს იღებს არა მისი პაის, არამედ მისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.

მომსახურების ტიპის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში,  რომელთა რაოდენობა მსოფლიოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს, კოოპერატივი პრაქტიკულად წარმოადგენს ფერმერული მეურნეობების დამატებით სამეწარმეო რგოლს, რომელიც ემსახურება მათ ინტერესებს და შესაბამისად დამოუკიდებელი ფერმერული მეურნეობების გარეშე კოოპერატივის არსებობას მოტივაცია არ გააჩნია. ასეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში უშუალოდ მეპაიეები არიან საქონლის დამოუკიდებელი მწარმოებლები და კოოპერატივში გაწევრებით არ კარგავენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. ასეთი კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მეპაიეს მონაწილეობად ითვლება კოოპერატივის მეშვეობით თავისი პროდუქციის გადამუშავება, დაფასოება, შენახვა, გაყიდვა, კოოპერატივის ტექნოლოგიური მომსახურების გამოყენება, წარმოების საშუალებების შესყიდვა და სხვა.

საწარმოო კოოპერატივის შემთხვევაში (კიბუცი, სხვა სახის კოლექტიური მეურნეობა), რომელთა რაოდენობა როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში შეადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაახლოებით 2 – 5%-ს, მეპაიეები უშუალოდ არიან ჩართული კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში საკუთარი შრომით ან/და უწევენ კოოპერატივს გარკვეულ მომსახურებას. ასეთ შემთხვევაში მეპაიეები არ არიან დაკავშირებული კოოპერატივთან როგორც ინდივიდუალური მეწარმეები და მათ მიერ კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში გაწეული შრომის ან/და მომსახურების ღირებულება წარმოადგევს მათ ეკონომიკურ მონაწილეობას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიეები და ასოცირებული წევრები.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე არის კოოპერაციული პროცესის მთავარი სუბიექტი, კოოპერატივის ქონების ნაწილის მეპატრონე, რომლის ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვისაც იქმნება კოოპერატივი. მეპაიე კოოპერატივთან დაკავშირებულია ორი ძირითადი აქტივობით:

1. პაის სახით ახორციელებს ფულად ან/და ქონებრივ შენატანს,

2. უშუალოდ მონაწილეობს კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში.

თუ პირი აღნიშნული ორი საქმიანობიდან ახორციელებს მხოლოდ ერთს, ის ვერ ჩაითვლება კოოპერატივის მეპაიედ. 

შიდასაწარმოო ურთიერთობების და შესაბამისად კოოპერატივის, როგორც ორგანიზაციული ფორმის ინდენტობის განმსაზღვრელ ერთერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ის წესები, რომელიც დაკავშირებულია მეპაიის სავალდებულო და დამატებითი საპაიო შენატანების რეგულირებასთან.

პაი არის კოოპერატივის ქონების ნაწილი, რომელიც შექმნილია კოოპერატივის წევრის (მეპაიე, ასოცირებული წევრი) საპაიო შენატანებით. პაი არ წარმოადგენს საემისიო დანიშნულების ფასიან ქაღალდს. კოოპერატივის მეპაიემ პაის სახით შეიძლება კოოპერატივში შეიტანოს ფული,  მიწის ნაკვეთი, ფასიანი ქაღალდები, სხვა უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც ხდება კოოპერატივის საკუთრება.   პაის სახით კოოპერატივზე გადასაცემი ქონების ღირებულების დადგენა ხდება კოოპერატივის გამგეობასა და პაის შემტან წევრს შორის მოლაპარაკების გზით, რასაც ამტკიცებს საერთო კრება ან სამეთვალყურეო საბჭო. წევრის მიერ შეტანილი პაი არის პერსონიფიცირებული და წარმოადგენს კოოპერატივის თითოეული წევრის  წილს კოოპერატივის საერთო ქონებაში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიის საპაიო შენატანები იყოფა სავალდებულო და დამატებით შენატანებად.

სავალდებულო საპაიო შენატანი მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის და კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლებას, აგრეთვე ხმის უფლებას კოოპერატივის საერთო კრებაზე. სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად. კოოპერატივზე სავალდებულო საპაიო შენატანის სახით გადაცემული ქონების ვალდებულებით დატვირთვა ხორციელდება მეპაიის წერილობითი თანხმობით [3].

იმ შემთხვევაში, როდესაც კოოპერატივის მეპაიეებს არ შეუძლიათ კოოპერატივის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება სავალდებულო საპაიო შენატანების ხარჯზე, საჭირო ხდება  დამატებითი რესურსების მოძიება, უპირველეს ყოვლისა, კოოპერატივის მეპაიეებს შორის. მეპაიის მიერ ასეთი ტიპის კაპიტალდაბანდება  კვალიფიცირდება როგორც მისი დამატებითი საპაიო შენატანი. ასეთი შენატანი არის კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში  ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით მეპაიის დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას.მნიშვნელოვანია, რომკოოპერატივის მეპაიეს შეუძლია შეიტანოს  დამატებითი საპაიო შენატანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მთლიანადა აქვს დაფარული სავალდებულო საპაიო შენატანი.

იმ შემთხვევაში, როდესაც მეპაიეებს არ შეუძლიათ მათი კოოპერატივის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება სავალდებულო და დამატებითი საპაიო შენატანებით, საჭირო ხდება რესურსების მოზიდვა გარეშე პირებიდან. ასეთ შემთხვევაში კოოპერატივების საქმიანობაში ერთვებიან გარეშე იურიდიული ან ფიზიკური პირები, ასოცირებული წევრების სახით, რომლებსაც საპაიო ფონდში შეაქვთ გარკვეული მატერიალური რესურსები, თუმცა, უშუალოდ არ მონაწილეობენ კოოპერატივის  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. თავისი შენატანებით  ისინი აძლიერებენ  კოოპერატივის ეკონომიკურ მდგრადობას, და იღებენ შესაბამის დივიდენდებს კოოპერატივის მოგებიდან. ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული), რომელსაც კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საპაიო ფონდში შეტანილი აქვს გარკვეული შენატანი[4].

ასოცირებულ წევრს არა აქვს ხმის უფლება კოოპერატივის საერთო კრებაზე, მაგრამ იგი უფლებამოსილია - მონაწილეობდეს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის დამახასიათებელი შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები და დემოკრატიული მართვის ფორმა წარმოადგენს სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანის ეფექტიანი მექანიზმს, რაც მიმზიდველია კოოპერატივში ინვესტიციებით დაინტერესებული პირებისთვის.  ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კოოპერატივის  ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში, ასოცირებელი წევრები სარგებლობენ პრივილეგირებული უფლებით საპაიო შენატანების დაბრუნებასა და გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურაში. ასეთი ნორმა სრულიად გამართლებულია, რადგან ასოცირებული წევრები არ სარგებლობენ კოოპერატივის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის უფლებით და ასევე არ მონაწილეობენ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. შესაბამისად ისინი არ აგებენ პასუხს კოოპერატივის სამეწარმეო საქმიანობით მიღებულ შედეგებზე [3].

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ასოცირებული წევრობა მოსახერხებელი ფორმაა იმ კატეგორიის პირებისთვის, ვისაც სხვა სამსახურში ყოფნის, ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია  უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ამასთან, მათზე  დივიდენდების გაცემა შეიძლება განხორციელდეს  კოოპერატივის მხრიდან ამ პირებზე სხვადასხვა  მომსახურების (მაგ. უზრუნველყოფა სათბობით, საკვებით, მიწის ნაკვეთების დამუშავებით და სხვა) გაწევით, მათზე გასაცემი დივიდენდების მთლიანი ან ნაწილობრივი  ღირებულების დაფარვის გზით.

ასოცირებული წევრის შენატანი, ისევე როგორც სავალდებულო და დამატებითი საპაიო შენატანები რეგისტრირდება კოოპერატივის წევრთა რეესტრში მისი ოდენობის და კოოპერატივში შეტანის თარიღის მითითებით.

მეპაიის დამატებით საპაიო შენატანს და ასოცირებული წევრის შენატანს პრაქტიკულად გააჩნია ერთი და იგივე ეკონომიკური დანიშნულება და წარმოადგენს კოოპერატივის მიერ დამატებით მოზიდულ კაპიტალდაბანდებას. შესაბამისად, კოოპერატივის მოგების განაწილების წესი ამ ორი კატეგორიის მიხედვით ინდენტურია და ისევე როგორც სხვა სამეწარმეო ფორმებში, განისაზღვრება ამ შენატანების ღირებულების პროპორციულად.

რადგან დამატებითი საპაიო შენატანი შეაქვს მეპაიეს, რომელიც პასუხისმგებელობას იღებს სამეწარმეო რისკებსა და შესაბამისად, კოოპერატივის საქმიანობით გამოწვეულ შედეგებზე, მეპაიეების დამატებითი საპაიო შენატანების შესაბამისი დივიდენდების განაწილება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დივიდენდები განაწილდება კოოპერატივის ასოცირებულ წევრებზე. მას შემდეგ, რაც კოოპერატივის მოგებიდან სრულად იქნება დაფარული დივიდენდები ასოცირებულ წევრებზე, მათი შენატანების და მეპაიეებზე მათი დამატებითი შენატანების პროპორციულად, დარჩენილი მოგება ნაწილდება კოოპერატივის მეპაიეებზე მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად (იხ. სქემა).

როგორც ზემოთ აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითად დანიშნულებას მისი მეპაიეების მომსახურება და მათი შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა წარმოადგენს.  ასოცირებული წევრების და მეპაიეების დამატებითი შენატანების  მობილიზებით კოოპერატივი აფართოებს დამატებითი რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას, მაგრამ მეორე მხრივ, აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ამ საინვესტიციო რესურსების მიხედვით დივიდენდების მიღებაზე. ეს მიდგომა აუცილებელია იმ მოტივით, რომ ასოცირებული წევრის და მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის მიხედვით გასაცემი დივიდენდების მოცულობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის, ანუ ზედა ზღვრის დაწესების გარეშე, კოოპერატივი შეიძლება გადაიქცეს უპირატესად გარეშე პირების ფინანსური ინტერესების განმხორციელებლად, საკუთარი მეპაიეების ეკონომიკური ინტერესების ხარჯზე. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში არაწევრი პირებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. საქართველოს კანონით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, იმ პირებისაგან, რომლებიც მეპაიეები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 30%-ს [3].

ეს  შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და კვლავწარმოებისათვის აუცილებელ საქონელზე, როგორიცაა: ენერგომატარებლები, ტარა-შესაფუთი მასალები, კომბინირებული საკვები, სასუქები, შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა სათესლე მასალა, ნერგები,  ცხოველთა გამრავლებისათვის საჭირო პრდუქცია: ხბორები, წიწილები, ლიფსიტები და სხვა.

ასეთი შეზღუდვის დაწესება აუცილებელია იმ მთავარი მოტივიდან გამომდინარე, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს მისი მეპაიეების მომსახურება კოოპერატივის საქმიანობაში მათი უშუალო ჩართულობით. იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივი უპირატესად ორიენტირებული იქნება გარეშე პირების მომსახურებაზე, ის დაკარგავს აღნიშნულ ფუნქციას და გადაიქცევა მხოლოდ საკუთარ მოგების გაზრდით დაინტერესებულ კომპანიად, სადაც ეს მოგება მიმართული იქნება მისი დამფუძნებელი რამდენიმე პირის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მისი წევრების მოგების გაზრდის მიზნით, ეს კომპანია „კოოპერატივის“ სახელით, დაინტერესებული იქნება მაქსიმალურად შეზღუდოს ახალი წევრების მიღება და შეისყიდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოსახლეობიდან რაც შეიძლება დაბალ ფასებში. სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მცირემიწიანი მოსახლეობა, რაც დღეს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს, იძულებული გახდება დათანხმდეს პროდუქციის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ასეთი საწარმოო ურთიერთობები სასოფლო-სამეურნეო მცირემიწიან მოსახლეობას უკარგავს  პროდუქციის  წარმოების მოტივაციას და საფუძველშივე სპობს ადგილებზე მათი დამაგრებისა და სამეწარმეო განვითარების პერსპექტივას. ასეთი საწარმოო ურთიერთობები მნიშვნელოვანწილად გახდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციის და რიგი სასოფლო-სამეურნეო დარგის კრიზისული მდგომარეობის საფუძველი. ამის გაჯანსაღების ყველაზე ეფექტიან საშუალებას უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  მწარმოებელთა ინტერესებზე ორიენტირებული, კოოპერაციული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განვითარება  და შიდასაწარმოო ურთიერთობების ისეთი ნორმების დაწესება წარმოადგენს, რომელიც კოოპერატივს შეუნარჩუნებს მის ძირითად არსს - უზრუნველყოს მისი მეპაიეების შემოსავლების ზრდა და მათი სამეწარმეო განვითარება, რაც ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს[3].

კოოპერაციის საკანონმდებლო რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება

კოოპერაციის პროცესის სათანადო გააზრებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანაში მისი  საკანონმდებლო რეგულაციის ფორმების გაცნობა. მსოფლიო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ მოსახლეობის გააქტიურება და წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა ყველაზე უკეთ შესაძლებელია კოოპერაციული სექტორის განვითარების აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში. ეს პროცესი პირდაპირ აისახება ქვეყნის რეგიონებში გასატარებელ რეფორმებზე, რაც კოოპერაციის მრავალმხრივი ფორმის გამოყენებით მოგვცემს მოსახლეობის მასობრივი დასაქმების, ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიური ზრდის საშუალებას და უზრუნველყოფს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფორმირების შესაძლებლობას.

კოოპერაციის პროცესის ინტენსიური განვითარება ძირითადად დაიწყო XIX საუკუნეში, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოიშვა განსხვავებული ტიპის კოოპერაციული ორგანიზაციები. გერმანიაში შეიქმნა პირველი საკრედიტო კოოპერატივები, სამომხმარებლო კოოპერატივები შეიქმნა ინგლისში, ხოლო საფრანგეთში შეიქმნა საწარმოო კოოპერატივები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდანვე მის შემადგენლობაში  შედიოდა კოოპერაციის საკითხების შემსწავლელი ეკონომიკური საბჭო, რომელმაც მის პირველივე რეზოლუციებში - „მიწის რეფორმა“ (1951წ) და „დაბალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება“ (1954წ),  კოოპერაციას მიანიჭა განსაკუთრებული როლი როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ქვეყნების მთლიანი ეკონომიკური სისტემის  განვითარებაში. დღეისათვის კოოპერატივები  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია და მასში ჩართულია მილიარდამდე ადამიანი. ყველაზე დიდი გავრცელება ჰპოვა სასოფლო-სამეურნეო (30 %), სავაჭრო (23 %), სადაზღვევო (22 %) და საკრედიტო კოოპერატივებმა (19%).

სხვადასხვა ქვეყანაში კოოპერატივების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ სამართლებრივი რეგულაციების რამდენიმე მიდგომაზე:

  1.  უნიფიცირებული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ყველა იურიდიული პირის შექმნასა და საქმიანობას. ამ მიდგომის სამართლებრივი რეგულაციების მთავარი წყაროა სამოქალაქო კოდექსი (ჰოლანდია), ან კანონი იურიდიული პირების შესახებ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი).

გერმანიაში კოოპერაციული საქმიანობა დაფუძნებულია ქვეყნის ფედერალურ კანონზე - „კომერციული და სამეურნეო ამხანაგობების შესახებ“ (1889 წ) [6]. დიდ ბრიტანეთში - კანონზე - „სამრეწველო გაერთიანებებისა და ურთიერთდახმარების საზოგადოებების შესახებ“  (1965 წ) [7].

  1.  კოოპერაციის ზოგადი სამართლებრივი რეგულირება, რომლის საფუძველს წარმოადგენს კოოპერატივების კოდექსი (პორტუგალია), კანონი კოოპერატივების შესახებ (პოლონეთი, ლიეტუვა, სლოვენია, უნგრეთი, ყაზახეთი), ან კანონი კოოპერაციული საზოგადოებების (გაერთიანებების) შესახებ (საფრანგეთი, შვედეთი).

პორტუგალიაში კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობის ძირითადი საფუძველია  კოოპერაციული კოდექსი. აქ კოოპერატივები განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის იურიდიულ პირებია, რაც გამოიხატება კოოპერატივების მიმართ საგადასახადო შეღავათებში. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ღონისძიებები გათვალისწინებულია კოოპერატივების განვითარების პროგრამაში (2000 წ). კანონით - „კოოპერატივების შესახებ“, რეგულირდება კოოპერატივების სამართლებრივი მდგომარეობა   პოლონეთში (2004 წ), ლიეტუვაში (1993 წ), სლოვენიაში (1993 წ) და უნგრეთში (1992 წ).

ფინეთში კოოპერაციული გაერთიანების სტატუსს განსაზღვრავს კანონი „კოოპერაციული გაერთიანებების შესახებ“ (1954 წ). მსგავსი კანონი მოქმედებს შვედეთშიც. ამ ქვეყნებში კოოპერაციულ გაერთიანებებში მოიაზრება ორგანიზაციები, სადაც წევრთა რაოდენობა და კაპიტალი წინასწარ არ არის განსაზღვრული. ეს გაერთიანებები შექმნილია წევრთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოიყენონ ამ ორგანიზაციის მომსახურება.

  1.  განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისათვის. ამ მოდელის საფუძველია დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მოლდოვის, იაპონიის, აშშ-ის, ირლანდიის კანონმდებლობაში.

იაპონიაში არსებობს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სამომხმარებლო კოოპერატივების განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციები. სამართლებრივი რეგულაციები აგრარული კოოპერატივებისათვის მოცემულია კანონში - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“ (1947 წ). აქ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში იგულისხმება ფერმერთა გაერთიანებები, რომლებიც შექმნილია წარმოების, მარკეტინგის, წარმოების საშუალებების შესყიდვის, კონსულტაციების გაწევის, საკრედიტო და სადაზღვევო მიზნებისთვის. იაპონელი ფერმერების 90% გაწევრებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში. სამომხმარებლო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულაციები მოცემულია იაპონიის კანონში - „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ (1948 წ) [8].

აშშ-ში ფერმერთა საკრედიტო სისტემის ორგანიზაცია მოქმედებს კოოპერაციის საფუძველზე და რეგულირდება კანონებით - „ფერმერთა კრედიტის შესახებ“ (1971 წ), „სასოფლო-სამეურნეო კრედიტის შესახებ“ (1987 წ), „ფერმერთა საკრედიტო სისტემის რეფორმირების შესახებ“ (1996 წ). სამართლებრივი საფუძვლები საკრედიტო კავშირების საქმიანობის შესახებ დაფუძნებულია აშშ-ის კანონზე - „საკრედიტო კავშირების შესახებ“ (1934 წ). კანონმდებლობა კოოპერატივების შესახებ ასევე რეგულირდება ცალკეული შტატის დონეზე.

იტალიის კანონმდებლობაში კოოპერატივი განსაზღვრული სპეციფიკის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა. კოოპერატივების სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს სხვადასხვა კანონი. იტალიაში კოოპერაციის სამართლებრივ საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის 1947 წელს მიღებული კონსტიტუციის 45-ე მუხლი [5]: „რესპუბლიკა აღიარებს კოოპერაციის სოციალურ ფუნქციას, რომელიც ეფუძნება ურთიერთდახმარებას და არ ისახავს მიზნად სპეკულაციურ მიზნებს“. უფრო დაწვრილებით, კოოპერაციის მიზნები ჩამოყალიბებულია იტალიის სამოქალაქო კოდექსში, სადაც მითითებულია, რომ კოოპერაციის მიზანია მისი წევრებისათვის უკეთესი მომსახურებისა და სამუშაო პირობების შექმნა, ვიდრე ეს შეუძლია  თავისუფალ ბაზარს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (დანია, ბელგია) დღემდე არ არსებობს სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს კოოპერატივების საქმიანობას და კოოპერატივების ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითად მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს თვით კოოპერატივების მიერ შემუშავებული შიდა ნორმატიული აქტები. ამის მიუხედავად, აღნიშნულ ქვეყნებში კოოპერაციული მოძრაობა მაღალ დონეზეა განვითარებული. კერძოდ, ბელგიაში კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ბაზარზე  შეადგენს:  რძის - 50 %-ს, ხილის და ბოსტნეულის - 70-90 %- ს, ხორცის - 25-30%-ს,  დანიაში -  რძის-93%-ს , ხილის და ბოსტნეულის - 20-25 %-ს , ხორცის - 66-93 %-ს,   მარცვლეული და კომბინირებული საკვების - 87 %-ს.

2013 წლის 12 ივლისიდან ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი.  ის პირველი საკანონმდებლო აქტია, რომლითაც დადგინდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმები. 2015 წლის 25 დეკემბერს ამ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რითაც განისაზღვრა კოოპერატივის შიდასაწარმოო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი წესები. დღეისათვის სოფლის მეურნეობაში კოოპერირების პროცესი მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა 1100-ზე მეტია. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობები რეგულირდება როგორც ორგანული კანონის, ასევე კოოპერატივის წესდებით და კოოპერატივსა და მის წევრს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

***

დასასრულ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე პერიოდში ქართული სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა დღის წესრიგში აყენებს აგრარულ სექტორში თვისებრივად ახალი პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კოოპერაციის პროცესი პირდაპირ აისახება ქვეყნის რეგიონებში გასატარებელ რეფორმებზე, რაც კოოპერაციის მრავალმხრივი ფორმის გამოყენებით მოგვცემს მოსახლეობის მასობრივი დასაქმების, ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიური ზრდის საშუალებას და უზრუნველყოფს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფორმირების შესაძლებლობას. 

კოოპერაციის მრავალი წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ კოოპერაციული შრომის უკუგების ხარისხი გაცილებით მაღალია ინდივიდუალურ შრომასთან შედარებით და ამის ეკონომიკურ საფუძველს სწორედ კოოპერატივისთვის დამახასიათებელი შიდასაწარმოო ურთიერთობები წარმოადგენს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული სრულლყოფა და სამართლებრივი რეგულირება, მათი ფუნქციონირების ეკონომიკური მექანიზმი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის როლის, მნიშვნელობის და ადგილის განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში, სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმები და მეთოდები, წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას, რომლის ქვაკუთხედი კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობებია. სწორედ კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები აყალიბებს  კოოპერატივების სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანის რეალურ პირობებს და ქმნის  მათი სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადი განვითარების საფუძველს.

 ლიტერატურა:

  • კოღუაშვილი პ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის მნიშვნელობის პოლიტიკური შეფასებისათვის, ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, № 1,  2018.
  • კოღუაშვილი პ.  მამუკელაშვილი დ. ­ აგროკოპერატიული   პოლიტიკის   ზოგიერთი აქტუალური საკითხი, ჟურნალი „ეკონომიკა“, N12, 2018.
  • მამუკელაშვილი დ.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები(სასწავლო მოდული),   ევროკავშირის პროექტი Europe Aid/136454/DH/SER/GE.
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (2013 წ.).
  • იტალიის კონსტიტუცია  (1947 წ).
  • გერმანიის ფედერალური კანონი „კომერციული და სამეურნეო ამხანაგობების შესახებ“ (1889 წ.).
  • დიდი ბრიტანეთის კანონი „სამრეწველო გაერთიანებებისა და ურთიერთდახმარების საზოგადოებების შესახებ“ (1965 წ).
  • იაპონიის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“ (1947 წ.).